
„წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე“
სამებაო, დაუსაბამოო, დიდება შენდა!
მე, არქიმანდრიტი ილია ნასიძე (ერისკაცობაში: ილია ნიკოლოზის ძე ნასიძე), დავიბადე 1959 წლის 15 ივლისს, ქ. თბილისში.
1966-1976წწ. ვსწავლობდი თბილისის №161 საშუალო სკოლაში; 1977-1983წწ. – თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე.
ვმსახურობდი წმინდა მოციქულთა თავთა – პეტრეს და პავლეს სახელობის ტაძარში, მგალობლად. ვიყავი დაოჯახებული. მყავს შვილი – ნიკოლოზ ნასიძე.
1991-1996წწ. ვსწავლობდი თბილისის სასულიერო აკადემიაში.
უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1996წლის 2 აგვისტოს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა ჩემი კურთხევა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 13 ნოემბერს, სიონის საკათედრო ტაძარში – მღვდლად.
1996-1999წწ. ვმსახურობდი თბილისის წმ. პეტრეს და პავლეს, არმაზის წმ. ნინოს, თბილისის წმ. ანდრის პირველწოდებულის სახელობის ტაძრებში.
1999წლის 2 ავისტოს მომენიჭა დეკანოზის ხარისხი, დაჯილდოვებული ვარ გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით.
2000წლიდან ვიყავი ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ხოლო 2003 წლის სექტემბრიდან – სვეტიცხოვლის.
ღვთის მადლით, სვეტიცხოველში მსახურებისას შევძელით ფრესკების გაწმენდა-კონსერვაცია; მოხდა „ჯვარი პატიოსანის“ რესტავრაცია. მისი ლუსკუმა შეიმკო მოოქროვილი ჭედური პერანგით.
დიდია უფალი! საოცარი და საკვირველი – საქმენი მისნი!
ადამიანის გონება უძლურია, მისწვდეს ამ საკვირველებას…
სვეტიცხოველში მსახურებისას, რამდენიმე თვეში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღვიკვეცე ბერად, ილიას (წმ. ილია მართალი) სახელით. აღკვეცის საიდუმლო შეასრულა მიტროპოლიტმა გერასიმემ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, 2004წლის 3იანვარს.
2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის კურთხევის დღეს, დამადგინეს ლავრის წინამძღვრის მოადგილედ. ღვთის შეწევნით, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამების ტაძრისთვის წმინდა ადგილებიდან (საბერძნეთი, იერუსალიმი…) ჩამოვაბრძანეთ მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის ხატები; ქართული ეკლესიისთვის იერუსალიმში შევიძინეთ სახლი.
დაჯილდოვებული ვარ ორი ჯვრის ტარების უფლებით.
2011წელს, სამების ტაძრის საჭიროებისათვის, საპატრიარქოსთვის გადაცემულ ჩემს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი), არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილ ძველი ტაძრის ნაშთებზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ სახელზე, აიგო ბაზილიკური ტიპის ტაძარი, რომლის წინამძღვარიც ვარ დღემდე.
მცხეთის წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის გახსნის დღიდან – 1996 წლის 14 ოქტომბრიდან, ვარ სასწავლებლის დირექტორი და სულიერი მოძღვარი. დაჯილდოვებული ვარ ღირსების ორდენით.
ჩვენი სასწავლებლის თანამონაწილეობით აღვადგინეთ მცხეთის ანტიოქიისა და გეთსამანიის ტაძრები. ჩამოვაბრძანეთ გეთსამანიის ტაძრისთვის იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი.
2005-2016წწ. ვიყავი საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ გენერალური დირექტორი.
2015 წლიდან ვარ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა – საქართველო“ -ს თავმჯდომარე.
მრევლის ერთიანი ძალისხმევით შევქმენით აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი. ასევე, შეიქმნა ხატი წმინდა სიდონიას დედისა, პირველმარტვილისა და მცხეთას ვნებულისა.
გადავიღეთ დოკუმენტურ მასალაზე აგებული ფილმები: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა – საქართველო“ და „მცხეთა – ახალი იერუსალიმი“. დაიწერა და გამოიცა სხვადასხვა სახის საეკლესიო ლიტერატურა.
2018 წელს, 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა. ამის მიზეზით გაგვიჩნდა სურვილი, მთელი საქართველოს მონაწილეობით შექმნილიყო ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“.
ღვთის მადლით, ხატის კურთხევა მოხდა 2020 წლის 12 მაისს.
მოგვცეს ძალა უფალმა, გავაცნობიეროთ, რა არის გზა სასუფევლისკენ, როგორ უნდა მივიდეთ ამ გზამდე, რა გადაგვარჩენს…
ყოვლადტკბილო იესო, მონაზონთა დიდებაო, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო!..
მადლობა უფალს ყველაფრისათვის!